საპარლამენტო ოპოზიცია, მმართველ ძალას ურჩევს თუ არ უნდათ სახალხო დამცველის აპარატი თქვან და თვითონაც დაისვენონ და "ისინიც დასვენონ".
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის შემაჯამებელი შეფასებისას განაცხადა.
"ის რაც ჩვენ დავინახეთ სახალხო დამცველის ანგარიშში, სისტემისა და კონკრეტული პოლიტიკურ თანამდებობის პირების საბრალდებო დასკვნაში მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან მოახდინოს მასზე რეაგირება ან საერთოდ რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს? რატომ ვხარჯავთ ამდენ ფულს? თუ არ გვინდა ეს სახალხო დამცველის აპარატი და ეს ხალხი ვთქვათ, ისინიც "მოისვენებენ", თქვენც დაისვენებთ და ჩვენი საზოგადოებაც"- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თარგამაძემ.
ამასთან, თარგამაძის თქმით, სახალხო დაცვის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს საქართველოს პარლამენტში აუცილებლად დაუბრუდებიან და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორსაც ეს საკანონმდებლო ორგანო იმსახურებს.
"იმედი მაქვს, რომ ეს თბილისში მოხდება", - აღნიშნა დეპუტატმა.