26 მაისს ჟურნალისტებზე ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის შემაჯამებელი შეფასებისას უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"არ შემიძლია არ შევეხო საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას თავისუფალი პროფესიის, დემოკრატიული სისტემის ყველაზე მთავრი შემადგენელი ნაწილის, თავისუფალი მედიის საკითხს. სახალხო დამცველმა ისაუბრა 26 მაისს გამოვლენილ სისასტიკეზე. მას მეტი დრო, რომ ჰქონოდა ალბათ ისაუბრებდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე", - აღნიშნა თარგამაძემ.
მან 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტების მათ, შორის "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დარეჯან პაატაშვილი, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი და სხვების მაგალითები მოიყვანა.
"მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი განმასხვავებელი ნიშანი ეკეთათ, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ და თავის მოვალეობას მათზე კარგად ასრულებდნენ, რომელებიც კონსტიტუციისა და საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება, სამართლდამცველებმა მათზე შეტევა მაინც განახორცილეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის, რომ გაანადგუროს ადვოკატების პროფესიაც, რაზეც მეტყველებს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოქმედებს, მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და დაკავებული ადვოკატების რეკორდული რაოდენობა.
"ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ეს არის შეტევა დემოკრატიაზე, თავისუფლ საზოგადოებაზე. ჟურნალისტები და ადვოკატები ეს ის თავისუფალი პროფესიებია, რომლის დასაცავადაც უფრო ძლიერად უნდა ვიბრძოლოთ", - აღნიშნა თარგამაძემ.