მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაცია, მერიის ნაცვლად, საკრებულოს პრეროგატივა გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში.
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.
კანონპროექტის თანახმად, ამ ჩამონათვალს ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზედაც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.
დღემდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც დედაქალაქის შემთხვევაში, მერიას გულისხმობს, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ საკრებულოზე გადადის.