პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის შეფასებისას განაცხადა.
"საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად, თავზე გადაახია საკონსტიტუციო სასამართლოს, მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის შემდეგ, პავლე კუბლაშვილის ლოგიკური ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გაუქმება იქნება", - მიაჩნია დეპუტატს.
ცაგარეიშვლის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მსგავსი კანონპროექტის ინიცირება გასაკვირი არ არის.
"2009 წლის აქციებს ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაყოლა კანონის გამკაცრება, ახლაც, მაისის აქციების შემდეგ, ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო", - აღნიშნავს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.