კონტროლის პალატის მიერ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებზე ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.
როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, კონტროლის პალატის დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება და დასკვნის გაცნობის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლის პალატასთან აქიურად ითანამშრომლებს.
"დასკვნას გავეცნობით. მე პირადად ამ დასკვნას ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ჩემი სურვილია, ატქიურად ვითანამშრომლოთ კონტროლის პალატასთან სისტემურ დარღვევებზე, რათა დროულად აღმოვფხვრათ ისინი, თუმცა დარღვევების ნაწილი უკვე გამოსწორებულია", - განაცხადა ურუშაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყება მის სისტემაში არსებულ დარღვევებს დეტალურად გაეცნობა, შესაძლოა ზოგიერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტი დაასრულა. წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მრავალმხრივი არსებითი დარღვევები და ნაკლოვანებები: 2008-2010 წლებში უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან, დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში გაიხარჯა მხოლოდ 164,5 მილიონი, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53 %-ს შეადგენს.
ასევე წლიურად დაზღვეული 808,0 ათასი უმწეო მოქალაქიდან დაზღვევით ისარგებლა მხოლოდ 13,8%-მა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45.1 %-ის ღირებულება არ აღემატება 20 ლარს. შესაბამისად, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით ისარგებლა დაზღვეულთა მხოლოდ 10 %-მა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75 %-თან; დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება.
პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (430- ოჯახის წევრით), რაშიც გადახდილია 109,9 ათასი ლარი. დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი. კონტროლის პალატის კვლევაში აღნიშნულია, რომ დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3,743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი. დაზღვეული 3,255 უმწეო პირი ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3,183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.
საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 12 მილიონი ლარი.
საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.