ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქმედუუნარო პირების უფლებებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარკვეულ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საია-დან აცნობეს, სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმა არღვევს ქმედუუნარო პირების კონსტიტუციურ უფლებებს და ნაცვლად ფუნქციური მიდგომისა ინსტიტუციურ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას.
"დღეს 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმპ) უფლებების დაცვის დღეა. შშმპ ჯგუფი მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებსაც, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან ერთად, ყველაზე მოწყვლადი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, იმის გამო, რომ მათ მიმართ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივი ქმედუნარიანობის სრულ ჩამორთმევას. ეს უკანასკნელი (სრული ქმედუუნარობა) გულისხმობს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების (მათ შორის ტრივიალური ხასიათის ნასყიდობა და ა.შ.) მიღების აკრძალვას. ქმედუუნარობის ქართული მოდელის არსი გულისხმობს იმას, რომ მისი დადგენის მომენტიდან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირი კარგავს, საკუთარ თავთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. ქმედუუნაროდ ცნობილ პირებს ენიშნებათ მეურვე, რომელიც ქმედუუნაროსაგან დამოუკიდებლად იღებს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.