რიგ სახელმწიფო უწყებასთან აქციებისა და მანიფესტაციების 20 მეტრის რადიუსით ახლოს ჩატარება კვლავ აიკრძალება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ისევ შედის.
კანონის ძველი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება საქართველოს პარლამენტის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების, სამხედრო ნაწილებისა და ობიექტების; რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, პორტების; საავადმყოფოების; დიპლომატიური დაწესებულებების; სამთავრობო დაწესებულებების; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების; შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობების შესასვლელის 20 მეტრის რადიუსში აკრძალული იყო. აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ჩაითვალა და შესაბამისად გაუქმდა.
თუმცა, ახალ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება 20 მეტრის რადიუსში შემდეგი სახელმწიფო უწყებებთან ისევ აიკრძალება. ეს უწყებებია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურა, პოლიცია, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები. ასევე, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და პორტები.
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, მათი შესასვლელიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე იქნება აკრძალული.
ამას გარდა, შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საერთოდ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. შენობის შესასვლელების ბლოკირების აკრძალვა კი კანონის მოქმედ რედაქციაშიც არის.
ასევე, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით.
ადმინისტრაციული ორგანო ამ გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით იღებს.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.