ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი, ტურისტულ ტერიტორიებზე არსებულ ბიზნესთან დაკავშირებით, დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებებზე მთავრობისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამის შესახებ ახვლედიანმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია საგადასახადო ცვლილებები, რომლის თანახმად, ტურისტულ ტერიტორიებზე, კერძო ბიზნესში დარღვევებისათვის, დაწესდება ჯარიმა კვადრატულ მეტრზე ათი ლარის ოდენობით.
ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ შესაბამის სამსახურები ამ ცვლილებებს ბიზნესის წნეხისთვის გამოიყენებენ, მაშინ როდესაც, ზღვისპირა მოსახლეობა კი მთელი წლის განმავლობაში ამ სეზონით ირჩენს თავს.
"მოსახლეობა ჯერ კიდევ არ გამოსულა იმ ზარალიდან, რაც 2008 წლის ომის შედეგად მიადგა ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო და კრედიტებთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.