BAUER-ი ბათუმის შემდეგ პროექტებს მესტიასა და ქობულეთში განახორციელებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან აცნობეს, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრდა სამშენებლო საქმეში ცნობილი გერმანული ბრენდი BAUER-ი, რომელიც ბათუმში შპს TOURINVEST-ის ინიციატივით შემოვიდა და Hiltoni-ის ბრენდის ქოლგის ქვეშ მიმდინარე სასტუმროს კომპლექსის ფუნდამენტი ააშენა. BAUER-მა საქართველოში შვილობილი კომპანია შპს BAUER Georgia Foundation Specialists-ი დააფუძნა.
"სამშენებლო საქმეში BAUER-ი საძირკვლების მშენებლობით არის ცნობილი, გარდა ამისა, მშენებლობის პროცესს სპეციალური მანქანებით ვამარაგებთ. კომპანიამ რეგიონში ბათუმიდან დაიწყო ოპერირება, თუმცა გვსურს საქმიანობა სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში გავაფართოოთ. ორი კვირის წინ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დავიწყეთ მრავალფუნქციური ბიზნესცენტრის საძირკვლის მშენებლობა, რომელიც ივლისში დასრულდება. გარდა ამისა, მესტიასა და ქობულეთში ორი განსხვავებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ"- აცხადებს კომპანიის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სალიჰ ერსანი.