ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს პარლამენტარები ადამიანურობაზე ტესტს გაივლიან.
ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს პლენარულ სხდომის დაწყების წინ განუცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში წარიმართება აქციის ფონზე, რომელსაც ქართველი ქალები გამართავენ დღეს, პარლამენტის შენობის წინ, 14:00 საათზე. იმედია, დეპუტატები უმრავლესობიდან გაითვალისწინებენ, რომ დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი და დღეს ტესტს გავდივართ ადამიანურობაზე, რადგან აქ არის ზნეობრივი და მორალური ფაქტორები", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
მისივე შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშის საბოლოო გვირგვინი უნდა იყოს, რომ მასზე პარლამენტმა ადეკვატური დადგენილება მიიღოს, სადაც გამოხატული იქნება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომლებიც თავის უწყებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლები არიან.
"ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელო იმ პირთა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც უშუალოდ არიან დამნაშავეები", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დღის მეორე ნახევარში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახლაო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტი დადგენილებას მიიღებს.