დღეს,14 ივნისს, 18:00 საათზე „გალერეა 9"-ში საქველმოქმედო გამოფენა „ჩემი სახელია..." გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორები არიან „ქალთა ფონდი საქართველოში" და „არტ&სოსაითი". გამოფენაში მონაწილე ხელოვანი ქალები მხატვრული ფორმებით აჩვენებენ ღრმა და პრობლემატურ თემებს, როგორიცაა, ურთიერთობა გარე სამყაროსთან, ტრამვები, ტაბუები, კომპლექსები, საკუთარი თავის ძიება, სქესთა შორის ურთიერთობების კვლევა. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემათ გურიაში სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებიც ხალხური რეწვით არიან დაკავებულნი.
გამოფენის მონაწილეები პროფესიონალი მხატვრები არიან, მათ უმეტესობას საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს და უკვე ფორმირებული ხელოვანები არიან, რამდენიმე მათგანი კი ახლა იწყებს თავის კარიერას. ნამუშვრები სხვადასხვა ფორმატშია წარმოდგენილი: ვიდეო, ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, შერეული მედია. თემები თანამედროვე ხელოვნების ძირითად ტენდენციებსა და გენდერის პრობლემატიკას ეხმაურება: იდენტობის განსაზღვრის სირთულე, სტერეოტიპები, წყვილთა ურთიერთობები, სექსიზმი, ჰომოფობია.
„გალერეა 9"-ში წარმოდგენილი იქნება: ელენე რაქვიაშვილის, მარი დავითაშვილის, ნინო სეხნიაშვილის, ქეთა ალიხანაშვილის, ქეთი სიამაშვილის, მარიამ მანჯგალაძის, ლუიზა ლაფერაძის, ანა მარტიაშვილის, ფრენსის ბელზერის, ეკატერინე ბულაშვილის, ანა ბოდიაკინას, ანუკ ბელუგას, ია მჭედლიშვილის და ანა ლორთქიფანიძის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ხათუნა ხაბულიანი.
„ქალთა ფონდი საქართველში" გამოფენით „ჩემი სახელია..." შეეცდება სტრეოტიპების წინააღმდეგ გაილაშქროს.გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, მხატვარი ქალების გამოფენები ხშირად ეწყობოდა საბჭოთა პერიოდში, სადაც ძირითადად მხოლოდ ესთეტურ კომპოზიციებს ვხვდებოდით. მხატვარი ქალები ნაკლებად ეხებოდნენ პრობლემატურ თემებს, სოციალურსა და გენდერულ საკითხებს, იდენტობის კვლევებს. დღევანდელი გამოფენა კი სწორედ იმ პრობლემებს ასახავს, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია ქალებისათვის. ღონისძიების სპონსორია შ.პ.ს. თელავის ღვინის მარანი.
¬