საქართველო ევროპის საბჭოს - ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის "ევრიმაჟის" 36-ე წევრი ქვეყანა ხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს 13 ივნისს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი პრეზენტაციას გამართავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართული კინოსთვის ევროპის ყველაზე დიდ კინოფონდში გაწევრიანებას.
პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი, კომიტეტის წევრები, კინოცენტრის წამომადგენლები, პროდიუსერები, მსახიობები, კინორეჟისორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საქართველოს ევრიმაჟში გაწევრიანების პროცესს წარმართავდა ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით.
„საქართველოს ფონდის სრულუფლებიან წევრად აღიარება კულტურული პოლიტიკის დიდი მიღწევაა იზრდება არა მხოლოდ ქართული ფილმების დაფინანსების წყარო და პერსპექტივები, არამედ საქართველო სრულფასოვნად წარმოჩინდება საერთაშორისო, კერძოდ კი ევროპულ პროფესიული სივრცეში, ისევე როგორც ხდება ეროვნული კინოცენტრის პროფესიული პოზიცირება ევროპულ ოფიციალურ ინსტიტუციებთან", - აცხადებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
ფონდის რესურსების 90% განკუთვნილია კო-პროდუქციის განვითარებაზე დაარსებიდან დღემდე, ევრიმაჟმა მხარი დაუჭირა 1300-ზე მეტ ევროპულ კო-პროდუქციას (სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები) 407 მილიონი ევროს ოდენობით. 2010 წელს ევრიმაჟის ფონდის ბიუჯეტი შეადგენდა 21 მილიონ ევროს.
წელს ევრიმაჟის მხარდაჭერით წარმოებული 10 კო-პროდუქციული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის საკონკურსო ჩვენებებში. აქედან 5 ფილმი დაჯილდოვდა.