საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებას ეხმაურება.
„უზენაესი სასამართლოს გამოხმაურება თუნდაც ამ ეტაპზე მისასალმებელია და ჩვენი კვლევის მნიშვნელოვნებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამრთლოს, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან, მომავალში საფუძვლიან და არგუმენტირებულ კომენტარებსა და შენიშვნებს მივიღებთ კვლევაში აღწერილი და დასაბუთებული პრობლემების, დარღვევებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა არგუმენტების ჭიდილში ვლინდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს განიხილოს კვლევის შედეგები დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან და მოისმინოს კონკრეტული არგუმენტები კვლევაში დასმულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საია იუწყება, კვლევაში განხილული საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა გამოავლინა სერიოზული ხარვეზები სისხლისსამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
„წინამდებარე კვლევაში განხილულია ძირითადად 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა საქმეების სამართლებრივი ანალიზი. აღნიშნული კვლევის განხორციელების აუცილებლობა, სწორედ მას შემდეგ დავინახეთ, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. საქმეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნისა თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი. კვლევა მიზნად არ ისახავდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენას. ჩვენი ამოცანაიყო, განგვესაზღვრა, რამდენად იქნა დაცული სამართლის ნორმები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და რამდენად იქნა გათვალისწინებული გამოძიების/სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო პოლიტპატიმრების შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ სამართალებრივ ანალიზს არაკომპეტენტურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.