5 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის გმართვის მცდელობისას დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტი „ჯი-ეიჩ-ენს" ჩხარტიშვილის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა მიაწოდა.
გთავაზობთ ჩხატიშვილის განცხადების სრულ ვერსიას:
"5 ივნისს მქონდა სურვილი კიდევ ერთხელ გამომეხატა ჩემი პროტესტი სააკაშვილი-მერაბიშვილის კრიმინალური ტანდემის მიერ 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დაუნდობელი და სისხლიანი დარბევისა, ასევე უდნაშულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვის გამო.
ჩემი მოქალაქეობრივი ვალის შესასრულებლად შევარჩიე სააკაშვილის მორიგი მრავალათეულმილიონიანი სამარცხვინო პიარაქციის განხორციელების დრო. საუბარია სააკაშვილის მიერ წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენის მიზნით, მათ შორის რუსული ფულის (ნაყოფია-თემურ ალასანია-გენერალოვის სახსრებით) გამოყენებით გადაღებული ფილმის (აგვისტოს ხუთი დღის) ჩვენება, რომელზეც პუტინის საყვარელი სტუმარი შერონ სტოუნიც იყო მოწვეული.
სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი ჩემი სამართლიანი და კანონიერი პროტესტის გამოხატვა, ვინაიდან სასწრაფო წესით დამაკავა შსს-ს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ვიგინდარა ხროვამ. მხოლოდ სასამართლოში გაირკვა, რომ მე სიტყვები "ძირს სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა" უცენზურო გამონათქვამად "ჩამითვალეს" და სწორედ ეს "ბრალი" წამიყენეს. ვაღიარებ, რომ მართლა ვიხმარე უცენზურო სიტყვა, კერძოდ "სააკაშვილი". მომავალში ყველანაირად შევეცდები მას მხოლოდ "მიკროდიქტატორი" ვუწოდო!"