ხვალ, 13 დეკემბრს, არტკაფე "ქარავანში'' პოეტ ბელა ჩეკურიშვილის წიგნის, "ღია ბარათების'', პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართება.
წიგნი "მერიდიანმა" გამოსცა. მასში პოეტის ძველი და ახალი ლექსებია შესული. კრებულის რედაქტორია გიორგი ლობჟანიძე. წიგნის მხატვრობა კი სოფიკო ვარაზს ეკუთვნის.
როგორც ბელა ჩეკურიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დღეს, როცა პოეზიის გამოცემა კომერციულად მომგებიანი არ არის, გამომცემლობები მაინც რისკავენ, რომ პოეტური კრებულები გამოსცენ, რითაც ზოგადად ქართულ მწერლობას უდგანან მხარში. მკითხველიც ნელ-ნელა ეჩვევა ახალ სახელებს, რაც თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლადაა საჭირო.
"თანამედროვე ქართულ პოეზიას ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს და ამას უხარისხობას აბრალებს, მაშინ, როცა ბევრი საინტერესო ნაწარმოები იქმნება. მათ, უბრალოდ, სათანადო პოპულარიზაცია და მკითხველამდე მიტანა სჭირდება. გამომცემლობა "მერიდიანი~ თანამერდოვე ლიტერატურის ერთ-ერთი ასეთი მხარდამჭერია~, _ განუცხადა ჩეკურიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
წიგნის რედაქტორის, გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, ბელა ჩეკურიშვილის პოეზია უკიდურესი თვითრეფლექსურობით გამოირჩევა. "ამიტომაც ამ ლექსებში მხოლოდ განცდა დევს ხელისგულზე, დანარჩენი დაფარულია და მკითხველი ამ დაფარულს ზუსტად იმდენად და იმდენს აღმოაჩენს, რამდენიც თვითონ შეუძლია, უცხოვრია, განუცდია, და გაეგება", _ აცხადებს ლობჟანიძე.
ბელა ჩეკურიშვილის პოეზია იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემაში. აღსანიშნავია, რომ ეს პოეტის მეორე წიგნია. ლექსების პირველი კრებული "ან... ან" მან რამდენიმე წლის წინ გამოსცა.