ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ე.წ ღორის გრიპის შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად საქართველოში ეპიდემიის გამოცხადებისათვის დაინფიცირებულების საჭირო სტატისტიკური რაოდენობა არ დაფიქსირებულა.
კვიტაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის მძიმეა 5 პაციენტი, რომელთაგან ერთი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს, სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი _ ფეხმძიმე ქალბატონი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ხუთივე ავადმყოფი მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
"ჯერ ეპიდემია არ გამოგვიცხადებია, რადგან ეპიდემიის გამოცხადებისთვის საჭირო სტატისტიკური რაოდენობა არ არის, მაგრამ ინფიცირების რაოდენობა მომატებულია. ნოემბბერ-დეკებმბრის თვეში მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა გრიპისა და რესპირატორული დაავადებების 40 ათასი შემთხვევა. აქედან 1500 შემთხვევა იყო ჰოსპიტალიზაციის. აქედან ექვსი მძიმე იყო. ერთი პაციენტი, ბათუმში დღეს გარდაიცვალა. ყველა შემთხვევა, რომელიც მძიმდება არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შედეგი. ამჯერად ჩვენ გვყავს 5 მძიმე ავადმყოფილ ამათგან ერთის მდგომარეობა უმჯობესდება. ის ქუთაისის კლინიკაში წევს. სამი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და ერთი ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება, ფეხმძიმე ქალბატონი, რომელსაც გაუკეთეს საკეისრო ოპერაცია, ბავშვი არის ჯანმრთელი და არაფერი ემუქრება, დედა მძიმედაა და მართვით სუნთქვაზეა შეერთებული", _ განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხუთივე გართულებული შემთხვევა ინფიცირებულთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციით არის გამოწვეული.
"აბსოლუტურად ყველა გართულებული შემთხვევა ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შედეგია, ან კიდევ ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული გრიპი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთხოვ ყველას: პირველივე სიმპტომებზე მიმართონ პოლიკლინიკის ექიმებს, დაემორჩილონ ექიმის მოთხოვნებს და მძიმე შედეგებს ნამდვილად ავუვლით გვერდს", _ განაცხადა კვიტაშვილმა.