კომპანია "Georgian Art Fest"- ი, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობის და დავით ევგენიძის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს საერთაშორისო სატელევიზიო მუსიკალურ ფესტივალს "Golden Talent 2011- Batumi" გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „პოპ-მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „Golden Talent 2011- Batumi".
7 სექტემბრიდან - 10 სექტემბერის ჩათვლით, საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „Golden Talent 2011-Batimi" მსოფლიოს 25 ქვეყნის პოპულარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კონკურსის ორგანიზატორებმა განუცხადეს, საერთაშორისო შემსრულებლების შერჩევას უზრუნველყოფენ კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები.
„მსოფლიოს 25 ქვეყნის სატელევიზიო არხი აწარმოებს პოპულარულ მომღერლებს შორის ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჩატარებას, ირჩევს ერთ საუკეთესო მონაწილეს (სოლო, დუეტი) და დელეგირებას უკეთებს საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის ფინალურ ეტაპზე „Golden Talent 2011- Batumi" -ში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოში პოპულარული მუსიკის შემსრულებელთა შერჩევას კი კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი და ტელეკომპანია „იმედი" აწარმოებს", - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს შეაფასებს ორი საერთშორისო პროფესიონალური ჟიური: ვარსკვლავთა ჟიური - მსოფლიოში ცნობილი საზღვარგარეთის პოპულარული ვარსკვლავები. საპროდუსერო ჟიური - სხვადასხვა ქვეყნის ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპოზიტორები და პროდიუსერები.
სიმღერის შეფასება და კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა განისაზღვრება საერთო შეფასების შედეგით. ვარსკვლავთა ჟიურის მიერ შეფასებები ხდება 10 ბალიანი სისტემით, ღია ხმის მიცემის საშუალებით და საპროდიუსერო ჟიურის მიერ 10 ბალიანი დახურული ხმის მიცემის საშუალებით.
საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „Golden Talent 2011-Batumi"-ის საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლიაციას უზრუნველყოფს ტელეკომპანია "იმედი", ხოლო სხვა და სხვა ქვეყნებში პირდაპირ და შემდგომ სატელევიზიო ჩვენებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები.
მსოფლიოს 25 ქვეყნის ტელემაყურებლებს შესაძლებლობა ეძლევათ თვალყური ადევნონ ღონისძიებას პირდაპირ სატელევიზიო ეთერში და შემდგომი ჩვენების საშუალებით, მხარი დაუჭირონ საყვარელ თანამემამულეს სმს - ის ხმის მიცემის საშუალებით, რის შედეგადაც შეირჩევა მაყურებლის ფავორიტი.
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება ხდება შემდეგი ნომინაციებით:
1 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 20 000 აშშ დოლარი.
2 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 15 000 აშშ დოლარი.
3 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 10 000 აშშ დოლარი.
მაყურებელთა ფავორიტი - გამარჯვებულის დიპლომი და ფასიანი ჯილდო.
კონკურსის დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა ნომინაციებს და ფასიან ჯილდოებს.
ღონისძიება გაიმართება ბათუმის „ახალ ბულვარში" „Golden Talent 2011- Batumi"-სთვის ექსკლუზიური დიზაინით შემუშავებულ დახურულ საზაფხულო საკონცერტო დარბაზში, რომელიც გათვლილია 3 000 მაყურებელზე.
კონკურსს გარდა, ღონიძიებაში მონაწილეობენ ჟიურიში მოწვეული საზღვარგარეთის ვარსკვლავები, მსოფლიოში ცნობილი პოპულარული მომღერლები და ჯგუფები.
„4 დღის განმავლობაში გაიმართება 4 გრანდიოზული შოუ სანახაობა, რომლის ორგანიზებაში ჩართულები არიან უცხოელი პროფესიონალი სატელევიზიო რეჟისორები, ოპერატორები, ქორეოგრაფები, საკონცერტო კომპანიები, პროდიუსერები და საერთაშორისო ორგანიზაციები - საერთაშორისო საკონცერტო კომპანია «MaximuM» - ი, მსოფლიოს ფესტივალების ასოციაცია WAF-ი და მსოფლიოს ფესტივალებისა და არტისტების ასოციაცია WAFA", - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
ფესიტავლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილია.