საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაკვეთით, თუშეთის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეთათვის საგადასახადო კურსის ტრენინგი განხორციელდა. მისი მიზანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცოდნის ამაღლება და ადგილზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იყო. კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ განახორციელა.
დღეს, 2 ივნისს, 10:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში თუშეთის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიკატები გადაეცემათ. აკადემიის სასწავლო პროგრამა თემაზე - "საგადასახადოს კურსი დამწყები ბიზნესმენებისათვის" 20-მა ადგილობრივმა მონაწილემ გაიარა.
სასწავლო კურსი მოიცავდა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბიზნესის რეგისტრაცია და მისი პროცედურები; საგადასახადო კანონმდებლობა და პრაქტიკული ბუღალტერია.
ტრეინინგი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ სამუშაოსაც ითვალისწინებდა. კერძოდ, დაგეგმილია მცირე ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა შემოსავლების სამსახურის ცენტრთან, სადაც ადგილზე გაეცნობიან ამ უწყების საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებს. ეს მათ მომავალში საგადასახადო ორგანოსთან მუშაობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
ტრეინინგის წარმატებული მონაწილეებისთვის, სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თამჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი დაესწრებიან.