საპარტნიორო ფონდიდან ელექტროენერგიის ყიდვის გარანტია გაიცემა. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა.
ხეთაგურის თქმით, პროექტის განხორციელების შემდედ, ბანკები სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებას გაზრდიან და სესხებსაც შედარებით მარტივად გასცემენ.
"ამ ფონდიდან არ მოხდება პირდაპირ ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება, ფონდიდან მოხდება კონკრეტული ელექტროენერგიის ყიდვის გარანტიის გაცემა. დღესაც, ნებისმიერი კომპანია, რომელიც აშენებს ჰიდროელექტროსადგურს, ზამთრის თვეებში ყიდის საქართველოში და ამ ელექტროენერგიას სისტემის კომერციული ოპერატორი ყიდულობს. სწორედ სისტემის კომერციული ოპერატორის დეფოლტის შემთხვევაში გარანტორად დადგება ეს ფონდი და კონკრეტული ელექტროენერგიის შეძანაზე მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, რაც თავისთავად წახალისებს ბანკებს, რათა დაფინანსონ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტები და შედარებით ნაკლები გარანტიებით გასცენ კრედიტები", - განაცხადა ხეთაგურმა.
მინისტრის თქმით, ამ ფონდში მოხდება თანხის მობილიზება, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა პროექტისთვის.
"აუცილებელი არაა, ეს იყოს ენერგეტიკული პროექტები, ვფიქრობთ სხვა მიმართულებითაც", - აღნიშნა ხეთაგურმა.
შეგახსენებთ: დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდი მუშაობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.