წლის დასაწყისიდან ნავთობის მსოფლიო ფასი იზრდებოდა. წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა 95 დოლარს/ბარელზე, ხოლო აპრილის ბოლოს მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (1 ბარელი ნავთობის ფასი იყო 125 დოლარი/ბარელზე). ამ პერიოდში საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოხდა 5-ჯერ 5-5 თეთრის ოდენობით. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი განცხადებით, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და დღეისათვის ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენს 116.73 დოლარს/ბარელზე.
აღნიშნულ პერიოდში (მაისიდან) მცირდება საერთაშორისო ფასები ბენზინზე Platt's-ის მიხედვით 1146 დოლარიდან 1074 დოლარამდე/ტონაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ფასების კლება არ ხდება ერთბაშად და ის ხორციელდება ეტაპობრივად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, 5 მაისიდან.
საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის კლება დაფიქსირდა მ/წლის 22 და 25 მაისს ყველა კატეგორიის საწვავზე 5 თეთრის ოდენობით.
აღნიშნული სტატისტიკა გახლავთ იმის დასტური, რომ საქართველოს საცალო ბაზარი მთლიანად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფასებზე და ის ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს შესაბამის ტენდენციებზე.