საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ინგა გრიგოლია "სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილისა და სხვა ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვს. ამის შესახებ გრიგოლიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
"მოვითხოვ, გაკეთდეს განცხადება თუ სად იმყოფება ირაკლი ბათიაშვილი და სხვა დაკარგული პირები. ასევე მაინტერესებს თუ რატომ ჰქონდათ თავები გატეხილი და რატომ იყვნენ ნაცემები მოხუცები. მაინტერესებს აგრეთვე რატომ იყო ბიძინა გეგიძე ხელებშეკრული და რატომ აიყვანეს ერთ-ერთ სასაფლაოზე. აუცილებელია, აგრეთვე მოხდეს იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც 26 მაისის დარბევაზე დაშავდნენ და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი", - მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ინგა გრიგოლიამ.
ინგა გრიგოლია მოითხოვს, რომ დაშავებულების სამკურნალოდ ყველა ხარჯი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოს.