საკრებულოს უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დროებითი კომისიის შექმნის შესახებ წამოყენებული ინიციატივა თითიდან გამოწოვილი და შეუსაბამო იყო.
"26 მაისის მოვლენებს უკავშირებენ 9 აპრილსა და 7 ნოემბერს და ხდება გარკვეული სპელკულაცია. 9 აპრილს ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა, 26 მაისს კი საპროტეტსო აქციის ორგანიზატორები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ. საკრებულოში არის ადამიანის უფლებათა დამცველი კომისია და როდესაც არსებობს ასეთი კომისია აღარ არის აუცილებელი რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნას დამატებითი კომისია. ოპოზიციის ნაწილს ეს სჭირდებოდა საკუთარი პიარისთვის, ხოლო დროებითი კომისიის შექმნის იდეა იყო თითდან გამოწოვილი და შეუსაბამო", - განაცხადა იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახხსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა თინა ხიდაშელმა მოითხოვა რომ შექმნილიყო დროებითი კომისია, რომელიც გამოიძიებდა 26 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლას. მან მოითხოვა, რომ ეს საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილიყო და მისთვის კენჭი ეყარათ, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანას. დროებითი კომისიის შექმნის იდეას იზიარებდნენ საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეტანილიყო, ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომა დატოვა. საკრებულოს სხდომა მხოლოდ უმრავლესობის წევრების თანდასწრებით მიმდინარეობს.