საქართველოს ექს-უშიშროების მინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველო საზღვარგარეთ" ლიდერი იგორ გიორგაძე მიჩნევს, რომ საქართველოში აქციის დარბევის შემდეგ იმაზე უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნა, ვიდრე აქამდე იყო. ამასთან ერთად, გიორგაძე ასევე აცხადებს, რომ ძალა, რომელიც თბილისის ახლანდელ რეჟიმს შეაკავებს არ არსებობს. ეს განცხადებები გიორგაძემ სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში გააკეთა.
"მე ვვარაუდობდი, რომ შესაძლოა თბილისის აქციების შედეგები სავალალო იყოს. ასეც მოხდა. რა შეიძლება იყოს ქვეყნისათვის იმაზე უფრო სამწუხარო, როდესაც ღამით - ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები, სისხლი, ათობით დაჭრილი და ორი გვამი და მომდევნო დღეს ამ ადგილზე, ხელისუფლების მიერ ნაჩქარევად ირეცხება სისხლი და ცრემლი და იწყება ზეიმისთვის მზადება ერთი არაადეკვატური პრეზიდენტისათვის.
მისი არსება კარგად არის ცნობილი მისი მფარველებისათვის და ქართველი ხალხისათვის. პირველთათვის ის არის "გარეწარი, მაგრამ თავიანთი გარეწარი", ქართველი ხალხისთვის კი ის არის კალიგულას პაროდია, რომელმაც ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა დაასამარა", _ აცხადებს გიორგაძე.