სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მომიტინგეთა აქციის დარბევას უცხოური გავლენიანი პრესა ეხმაურება.
The New York Times, Le Figaro, Telegraph, Der Standard, The Wall Street Journal, 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიებს უძღვნის.
"ოპოზიციური პროტესტი საქართველოს დედაქალაქში თბილისში ღამით სპეციალური დანიშნულების პოლიციამ ძალის გამოყენებით შეწყვიტა და გაფანტა დაახლოებით ათასამდე დემონსტრანტი. მათ ოკუპირებული ჰქონდათ ის ტრიბუნა, რომელზეც ხუთშაბათს მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აღლუმს იბარებდა. იმ დროს, როდესაც ცრემლმდენი გაზის ბოლქვში შეკრებილი დემონსტრანტები იშლებოდნენ, სამმანქანიანი კორტეჟი, დარბევისგან გაცევისას დაეჯახა ორ ადამიანს და მოკლა ისინი - ერთი მათგანი პოლიციის ოფიცერი, ხოლო მეორე დემონსტრანტი იყო", - წერს The New York Times-ი.
Le Figaro კი ყურადღებას დარბეული მანიფესტაციის სისხლიან შედეგებზე ამახვილებს და წერს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა ჯოხებით და ფარებით შეიარაღებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
„პოლიციის ყოფილი ოფიცერი და ერთი პოლიციელი დაიღუპა. ამ უკანასკნელს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გადაჰყავდა და შემთხვევის ადგილს დიდი სიჩქარით ტოვებდა", - წერს Le Figaro.
„ანტისამთავრობო პროტესტი საქართველოში", - ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას Telegraph-ი და აღნიშნავს, რომ საქართველოს სპეცრაზმს და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ, შეტაკება მოხდა.
„ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, რამდენიმე ასეული ოპოზიციის მხარდამჭერი პრეზიდენტ სააკაშვილს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს. ამ რევოლუციამ ხელისუფლებიდან პოსტ-საბჭოთა ძველი გვარდია განდევნა. ამ კავკასიურ სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმ მილსადენების გამო, რომელსაც კასპიის ნავთობი დასავლეთში გადააქვს; 2008 წელს ის რუსეთთან ხანმოკლე ომში დამარცხდა. მას შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაზე კონტროლი აღადგინა. ოპონენტები მის გადადგომას მოითხოვენ მანამ, სანამ 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. თავდაპირველად, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. ზოგიერთებმა უარი თქვეს გადაენაცვლათ მთავარ მოედანზე, როდესაც სპეცრაზმი მოვიდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებს და წყლის ჭავლს იყენებენ. ქალაქის ქუჩები ცრემლსადენი გაზის კვამლშია გახვეული. ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის პასუხი დაგმო: „უამრავი ადამიანი დაშავდა, რადგან ხელისუფლებამ, როგორ ვთქვა ეს... სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა", - ნათქვამია Telegraph-ის სტატიაში.
Der Standard -ის აზრით, კი საქართველო რევოლუციასა და სამოქალაქო ომს შორის იმყოფება. სტატიის ავტორს მასალაში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე დაფიქსირებული ძალადობრივი პროტესტის ქრონიკაც მოჰყავს.
„პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა", - ეს უკვე The Wall Street Journal-ის სტატიაა.
„ხუთშაბათს გამთენიისას საქართველოს პოლიციამ თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის განცხადებით, შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა, თუმცა გარემოებები, რომლებშიც ეს ადამიანები დაღუპნენ, სადაო გახდა. დარბევა საქართველოს დანაწევრებული ოპოზიციური პარტიების ხუთდღიან მცირემასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოთხშაბათს რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ქალაქის მთავარ პროსპექტზე დაბანაკდა. ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილთა წინაშე პირობა დადო, რომ მეორე დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ჩაშლიდა. მალევე შუაღამით მას შემდეგ, რაც აქციის ჩატარებაზე თბილისის მთავრობის ნებართვის ვადა ამოიწურა, სპეცდანიშნულების ძალებმა დემონსტრანტებს ალყა შემოარტყეს, კუსტარული ბარიკადები გადალახეს და დემონსტრანტები ქალაქის მთავარი გამზირიდან განდევნეს. შეტაკებებში მომიტინგეები გაიფანტნენ, ზოგიერთმა თავი მიმდებარე შენობებს შეფარა. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი გაკოჭა და მიწაზე დააწვინა", - ნათქვამია The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.