"მაშინაც კი, თუ თბილისის აქცია არასანქცირებული იყო, მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემის ფაქტებს ვერაფერი გაამართლებს ", _ ნათქვამია უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის დირექტორი ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში რეიჩელ დენბერის ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
"პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ. სპეცრაზმმა საქართველოს დედაქალაქში სასტიკად სცემა აქციის დაშლის დროს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოძიების თაობაზე.
"თბილისის საქალაქო ხელისუფლებამ მომიტინგეებს აქციის სხვა ადგილზე გადატანა შესთავაზა, ამაზე მათ უარი განაცხადეს. აქციის ვადის გასვლის შემდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მათ დასაშლელად. პოლიცია მისდევდა გაქცეული დემონსტრანტებს, სცემდა რეზინის ხელკეტებით. ისინი ეძებდნენ დემონსტრანტებს კინოთეატრის შენობაშიც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი რომელიც მცირე ხნით იყო დაკავებული, განაცხადა, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში უამრავი ტრავმირებული მომიტინგე ნახა, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ", _ ნათქვამია Human rights watch-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ აქციაზე დაშავებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.
"საქართველო ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვის შეთანხმებებში, ევროპულ კონვენციებში, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, პატივის სცეს შეკრების თავისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, გამოიძიოს ეს დარღვევები. ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა აქციის მონაწილეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებით, მაგრამ პოლიციამ არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ძალა გაქცეულ მომიტინგეებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს", _ამბობს დენბერი.