კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი არ უნდა გახდეს.
"არ ვფიქრობ, რომ ამის გამო სპეცპოპერაციის ჩატარებას ან რაიმე სახის ძალოვანი მეთოდების განხორციელებას ექნება ადგილი, რადგან უმაროვი ამ სიტუაციაში რუსეთს არ აინტერესებს. უფრო მგონია, რომ ამ თემის წინ წამოწევით რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოში საზოგადოება ასე პოლარიზებულია", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
"მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა მედიამ უმაროვის კონკრეტული მისამართი დაასახელა და ჩვენი ინფორმაციით, რუსეთ ჩრდილოკავკასიაში არსებული ჯარები საგანგებო რეჟიმზე ჰყავს გადაყვანილი, მაინც არ მგონია, რომ ის მსგავს ძალოვან ნაბიჯებს გადადგამს - საქართველოსა და მის მეგობრებზე კი ზეწოლას გააძლიერებს", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერის დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.