საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მომიტინგეთა აქციის ძალისმიერი მეთოდით დარბევას ამართლებს.
"უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროტესტში, შედიოდა არა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა, არამედ ისინი ესწრაფოდნენ ძალადობრივ კონფრონტაციას", - განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს დღევანდელი სამხედრო აღლუმისას.
ამასთან, მან ხელისუფლების მხრიდან "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა აქციის მონაწილეებისადმი მოწოდებას, რომ მათ რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გამოსახატად სხვა ადგილზე გადაენაცვლებინათ.
"ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა პროტესტის გამოსახატად, რათა აღლუმის გამართვა შესაძლებელი ყოფილიყო. შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა აქციის დაშლაში მონაწილე ცალკეული ინდივიდების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას. მთავრობამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს ეს ბრალდებები", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
ჯონ ბასმა წუხანდელი დარბევისას ორი მოქალაქის დაღუპვის გამო სამძიმარიც გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.