სახალხო დამცველი მომიტინგეთა დარბევის ოპერაციაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს და აცხადებს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.
„გავრცელებული კადრებისა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია წინასწარი დასკვნა გავაკეთოთ: აქციის დაშლისას დარღვეულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც მთელ რიგ შემთხვევაში გამოიწვია რიგ პირთა უფლებების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია გასცდა საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებსა და არსებობდა მისი შეწყვეტის საფუძველი, პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულის კონტექსტში, სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას ყველა აღნიშნული ფაქტის დროულად გამოძიების რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს, ყველა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრთან სატელეფონო ზარის განხორციელებისა და ეფექტური დაცვით სარგებლობის უფლება.
„აქციის რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული. მათ არ მიეცათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება. ამასთან, რიგ შემთხვევაში, მათ სამართალდამცველები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როცა ისინი მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცველთა კონტოლის ქვეშ იქნა მოქცეული", - განმარტა ტუღუშმა.
სახალხო დამცველმა წუხანდელი დარბევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა.