"ჩვენ მყარად ვდგავართ დასავლურ კურსსა და ევროატლანტიკურ ფასეულობებზე. ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს გეზი ორიენტირებულია მხოლოდ დემოკრატიულად თავისუფალი სამყაროსკენ.
„შედეგად კი, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო სულ უფრო იძლიერებს ადგილს დასავლურ და ევროპულ ცივილიზაციაში. ცივილიზაციაში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ვეკუთვნით. დამოუკიდებლობის 20 წელი ერთად არის ძალიან ცოტა და ძალიან ბევრიც. დღეს ჩვენ აღარ ვართ იმ უფსკრულში, რომელშიც ვიყავით 20 ან 10 წლის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, სანამ ბოლომდე გავივაკებთ. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ვერ ეხსნება გაჭირვებას, უმუშევრობას და სოციალური პრობლემების მარწუხებს, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თითოეული ჩვენი მოქალაქეს კეთილდღეობის სათანადოდ უზურუნველყოფას, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ გარანტირებულად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს დამოუკიდებელი ურყევი ინსტიტუტები და შევქმნათ ცივილური ევროპული, პოლიტიკური ტრადიცია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, „ჩვენი ქვეყანა ჯერ ისევ იბრძვის კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო სისტემაში".
„ჩვენი უმთავრესი მიზანი ჯერაც არის საქართველოს გამთლიანება და სრული დეოკუპაცია. თითოეული ამ გამოწვევის მიღება ჩვენი ახალგაზრა სახელმწიფოს ტიტანურ ძალისხმევას საჭიროებს. მაგრამ ჩვენი ათასწლოვანი ისტორია და ეროვნული პოტენციალი და გამოცდილება, ჩვენი გამძლეობა და შეუპოვრობა მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული, საბოლოოდ გამარჯვებული და როგორი პროვოკაციებიც არ უნდა განხორციელდეს და როგორი წნეხიც არ უნდა იყოს, როგორი მუქარებიც და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.