„ამ 20 წლის განმავლობაში, როგორც ერმა, არაერთხელ ვიწვნიეთ გამოუცდელობით, გულუბრყვილობით, უამრავი შეცდომის ფასი და უამრავი არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამოცდილება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საზეიმო აღულმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა არარეალური მოლოდინები და მათი დრამატული მსხვრევაც.
„გამოვცადეთ როგორ უნდა დაენარცხო ფსკერს და მერე მაინც წამოდგე და გაიმართო წელში. ჩვენ შევიგძენით მრავალჯერ იმედგაცრუება, მაგრამ ამის მიუხედავად შევძელით წარმოუდგენელი გამძლეობის, წარმოუდგენელი ნებისყოფის და შემართების დემონსტრირება, რომლის შდეგია ის, რომ დღეს სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფოა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით მივდივართ ბევრი ქვყენისთვის სამაგალითოდ და ვაშენებთ ჩვენს ინსტიტუტებს. ამ მონდომების შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით წესრიგის დამყარება და ერთად ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას, რომელიც დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს კრიმინალისა და იმ უსამართლობისგან, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობასა და მის წინაშე თანასწორობის უარყოფას. ორგანიზებული დანაშაული, ქუჩის მენტალიტეტი საქართველოს ქუჩებში, სკოლებში და მით უმეტეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში ვეღარ დაბრუნდება. არასრდოს სახელმწიფო არ დაბრუნდება უკან იმ განუკითხაობაში. ამ ნებისყოფის შედეგია ის, რომ ჩვენ შვძელით ტოტალურად კორუმპირებული სახელმწიფოს გარდაქმნა ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ. ამის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, არ დავთმეთ ჩვენი ეროვნული ღირსება და ავაშენეთ ძლიერი ქართული არმია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.