პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, აქციის ლიდერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე შურისძიება სურდათ.
„ყველას უნვე გვესმოდეს, რომ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პრეზიდენტს, მინისტრს, დეპუტატს... ის ეკუთვნის მთლიანად საქართველოს. საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, დღეს მცხოვრებ თაობებს და მათ, ვინც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. რატომ უნდოდა აქციის ორგანიზატორ ლიდერებს დღევანდელი ზეიმის ჩაშლა? იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შესძლოს მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება. სურდათ იმისთვისაც, რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე. ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში, აგვისტოს ომის დროს, გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად წარმატებულ მტრის ძალებს და მიაყენა მათ გაცილებით მეტი ზარალი, ვიდრე რომელიმე ფრონზე მიუღიათ. ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ზეიმს ვერასდროს ვერაფერი ჩაშლის.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს შვილები. ყველას თანაბრად გვეკუთვნის ჩვენი დამოუკიდებლობა. ყველა თანაბრად ვიხრით ქედს ქართული ჯარის წინაშე და ჩვენ ყველანი დავდგებით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალისთვის. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მუდმივად. ვერაფერი ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას. ვერაფერი შეარყევს, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტის, მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.