საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლის მიზეზებს განმარტავს და მის ორგანიზატორ ძალებს საბოტაჟში ადანაშაულებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნა, დღევანდელი აღლუმის ჩაშლა, საბოტაჟი და მასობრივი არეულობები მომხდარიყო. ჩვენთვის წმიდათა წმინდა ღირებულებაა სიტყვის თავისუფლება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოთქმის, საქართველოს ხელისუფლებისადმი საკუთარი პროტესტის გამოხატვის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ იმას, რაც ბოლო დღეებში აქ ხდებოდა სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი ჰქონდა საერთო", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ლიდერებს თავის მცირერიცხოვანი ჯგუფებით სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა სურდათ.
„მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს ის, რომ პოლიციასთან უშუალოდ შეტაკებისას მიეღოთ მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ, ლიდერებმა გაქუსლეს იქედან და გადაუარეს ხალხს, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.