საქართველოს პრეზიდენტს მეგობარი ქვეყნების მეთაურები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. გულთბილი მისალოცი ბარათი მიხეილ სააკაშვილმა რომის პაპისგან მიიღო. საქართველოსა და მის პრეზიდენტს ბენედიქტ მეთექვსმეტემ ღვთის მფარველობა და კეთილდღეობა უსურვა.
მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილე იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მთელი გულით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გისურვებთ ბედნიერებას, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობას".
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა ქართველ კოლეგას მისალოცი ბარათი მისი და ხორვატი ხალხის სახელით გამოუგზავნა და ქართულ სახელმწიფოს აღმშენებლობა უსურვა.
"დამოუკიდების ეროვნული დღესასწაული საშუალებას მაძლევს მოგილოცოთ და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ქართველ ხალხს", - ნათქვამია მისი უდიდებულესობის ნიდერლანდების დედოფლის მისალოც ბარათში.
ვრცელი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ავსტრალიის მთავარმა გუბერნატორმა ქვენთინ ბრაისმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ავსტრალიელი ხალხის სახელით ულოცავს. მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე, რომელიც დღითიდღე უფრო ღრმადვება.
„ასევე მსურს აღვნიშნო საქართველოსა და ავსტრალიის თანამშრომლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. ავსტრალიის ხელისუფლება აფასებს საქართველოს მიერ ერაყის მისიაში გაეროს ეგიდით ქართული სამხედრო დანაყოფების ჩართვას და ასევე ავღანეთის მისიაში მონაწილეობას.
ავსტალიის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიალი მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტები იყოს დაცული და ეს საკითხები განიხილებოდეს საერთაშორისო დონეზე რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა წარმატებით გაგრძელდება მომდევნო წლის განმავლობაშიც", - აღნიშნულია ქუენთინ ბრაისის წერილში.
საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანიბალ კავაკო სილვამ.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში საქართველოსა და პოლონეთის ჭეშმარიტად პარტნიორული და კონსტრუქციული თანამშრომლობაა ხაზგასმული, რაც ბრონისლავ კომოროვსკის თქმით კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის.
მსურს, დაგიდასტუროთ ჩემი მზადყოფნა პოლონურ-ქართული თანამშრომლობის განვითარებისთვის გახსნილი ურთიერთობების და სოლიდარობის პრინციპებზე დაყრდნობით.
აგრეთვე მსურს, დაგიდასტუროთ ბატონო პრეზიდენტო ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოს დამოკრატიზაციისა და მოდერნიზაციისათვის და გამოვხატო უდიდესი პატივი თქვენი ქვეყნის მიმართ, მისი მიღწევებისათვის ევროინტეგრაციის პროცესში. პოლონეთის რესპუბლიკის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მისწრაფება იქნება ევროკავშირის კონტაქტების გაძლიერება და გაღრმავება სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - ნათქვამია წერილში.
პოლონეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ზაფხულში ეწვევა.
მიხეილ სააკაშვილმა ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერების მილოცვებიც მიიღო. მათ შორის არიან თურქმენეთისა და სომხეთის პრეზიდენტები.
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თურქმენეთის მოსახლეობისა და მთავრობის სახელით საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველს ერს მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი და აყვავება უსურვა. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა კი, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება. როგორც ბარათშია აღნიშნული, ეს ძალზე მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრის მოადგილე თავდაცვისა და ავიაციის მინისტრი, ასევე გენერალური ინსპექტორი სულთან ბინ აბდალაზიზ ალ საუდი საქართველოს პრეზიდენტს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს კი - მოდმივ წინსვლასა და აყვავებას.