კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის გამოხატავს პროტესტს 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ „სახალხო კრების" დაშლასთან დაკავშირებით.
„მშვიდობიანი აქცია უმოწყალოდ დაშალეს და აქციის მონაწილეები ცემეს და დააკავეს. განსაკუთრებული აღნიშვნის საგანს წარმოადგენს დაკავებულების მიმართ სასტიკი და უმოწყალო მოპყრობა, რაც გამოიხატა წვიმიან ამინდში დაკავებულების მიწაზე დაგდებასა და ცემაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებამ გამოამჟღავნა ის განწყობა, რომელიც გააჩნია განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას არ მიიღონ საზეიმო აღლუმში მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ არც ერთი მოქალაქის სისხლის წვეთის ფასად არ ღირს დაგეგმილი აღლუმის გასამართად ჩატარებული სასტიკი სპეც ოპერაცია", - აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო მისიებს, საელჩოებს, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და პირდაპირ მოუწოდეს ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისაკენ, ასეთივე სკურპულიზობით შეაფასონ ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც განვითარდა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე.