საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. „ათასობით ოპოზიციის აქტივისტმა საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა", „საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტმა იფეთქა", „ოპოზიცია ქართველ ხალხს „მრისხანების დღისკენ" მოუწოდებს", პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ - მრავალრიცხოვანი დაპატიმრებები" - ამ სახელწოდებების სტატიებს გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები აქვეყნებენ.
„ოპოზიციის ათასობით დემონსტრანტმა ყოფილი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა გამართა და პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. ოპოზიცია აშშ-ში განსწავლულ და პროდასავლელ ლიდერს კორუფციასა და დემოკრატიული რეფორმების შეზღუდვაში ადანაშაულებს. როგორც აქციის ორგანიზატორი ლიდერები აცხადებენ, ეს სააკაშვილისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის დაწყებული გადამწყვეტი ბრძოლაა", - წერს „Associated Press"-ი.
გავლენიანი „The New York Times" ყუდარღების ცენტრში კი პოლიციას და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოექცა. როგორც სტატიის ავტორი წერს, „პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოყენა".
„ასობით დემონსტრანტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. დემონსტრანტები, რომელთაგან ზოგიერთს ხელკეტები ეკავა და სახეზე ნიღბები ეკეთა, თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბნენ. ჩინოვნიკების თქმით, აქციას დაახლოებით 2000, ქართული სტანდარტებით ცოტა ადამიანი ესწრებოდა. ისინი სააკაშვილს პროდასავლური რეფორმების ხელყოფაში ადანაშაულებენ, რომლის განხორციელების პირობაც მან 2003 წელს უსისხლო აჯანყების დროს დადო. ისინი გაბრაზებულები არიან ასევე მუდმივი სიღატაკისა და უმუშევრობის გამო. მართალია დემონსტრაცია დიდწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა კვირას დილით ათამდე მომიტინგე პოლიციის ავტომობილს ჯოხებით თავს დაესხა და პოლიციას საპასუხო ქმედებისკენ უბიძგა", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, „The New York Times"-ის შეფასებით, ქართული ოპოზიცია, რომლიც შიდაკონფლიქტებითაა გამოფიტული, მმართველი პარტიისთვის სერიოზული პრობლემის შექმნას დღემდე ვერ ახერხებს.
სააგენტო Reuters-ი კი ყურადღებას „ქართული პარტიის" მიერ 25 მაისის „მრისხანების დღედ" გამოცხადებასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ სკანდალურ განცხადებაზე ამახვილებს, რომელშიც ის პირობას დებს, რომ 25 მაისს „ხალხის გვერდით" იდგება.
„საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთა რიცხვიც შაბათს 10 000-ს უახლოვდებოდა, სააკაშვილს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტოკრატიული მმართველობის დამკვიდრებასა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ, რომელმაც ამ კავკასიურ სახელმწიფოში პოსტსაბჭოთა ძველი გვარდიის მმართველობა დაამხო. 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ დასუსტებულმა სააკაშვილმა მას შემდეგ კონტროლი აღადგინა, რასაც ხელი შეუწყო არაეფექტურმა და ჭრელმა ოპოზიციამ", - წერს Reuters-ი.
„პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ - მრავალრიცხოვანი დაპატიმრებები", - ასეთი სათაურით ბეჭდავს სტატიას გამოცემა Die Welt-ი.
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საქართველოს ქალაქებში - თბილისსა და ბათუმში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. საქმე პოლიციასთან დაპირისპირებამდე მივიდა. კავკასიურ სახელმწიფო საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს ბევრი ადამიანი დააპატიმრეს. საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გამართული აქციის შემდეგ, რომელშიც დაახლოებით 5 000 ადამიანი მონაწილეობდა, სპეცრაზმმა მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინა", - წერს გამოცემა.