11 დეკემბერს, 12:00-იდან 18:00 საათამდე, შემოქმედებითი სახელოსნო "მარილისი" "თიბისი გალერეაში" აწყობს უძველესი ქართული საოქრომჭედლო ტექნოლოგიებით შექმნილი ექსკლუზიური სამკაულების გამოფენას, სახელწოდებით "თანამედროვე ქართული საგანძური". გამოფენა ტარდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
შემოქმედებითი სახელოსნო "მარილისი" დაარსდა 2008 წელს. მას წინ უძღოდა ორი ხელოვანის, ნათია გოცირიძისა და ერმილე მაღრაძის მიერ ძველი ქართული არქაული საიუველირო ტექნოლოგიების მრავალწლიანი კვლევა-ძიება.
წარმოდგენილი იქნება 18 საავტორო ნამუშევარი. ისტორიული ნორმების დაცვით, მათ შესაქმნელად გამოვიყენეთ ოქრომქანდაკებლობის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ჭედურობა, უძველესი ცვარა, დახვეწილი ზარნიში, გლიპტიკა, შუა საუკუნეების ქართული მინანქარი და ა.შ. ასევე ოქროს ქსოვილის უნიკალური ნიმუში, რომელიც ადამიანის თმის სისქის ძაფებისგან იქსოვება. ამ ქსოვილს თანამედროვე საიუველირო ხელლოვნებაში ანალოგი არ აქვს.
მსოფლიო საიუველირო ხელოვნების შედევრები ჩვენმა წინაპრებმა მაშინ შექმნეს, როდესაც იქმნებოდა ძველი ეგვიპტის, შუმერების, ძველი სპარსეთის, კრეტა მიქენის კულტურა. ეს შედევრები გამოირჩევა ხასიათით, ხოლო მათი შექმნის ტექნოლოგიები პროტოქართული ცივილიზაციების განვითარების მაღალ დონეს ადასტურებს.