ქრისტიან-დემოკრატები თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტები თბილისის შესახებ და ადგილობრივი თავითმმართველობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცვლილებები შედის აღნიშნულ კანონპროექტებში, თუმცა ოპოზიცია იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ არანაირი არსებითი ცვლილება არ ეხება რეგიონალურ თვითმმართველობებს. ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეფორმა გატარდეს თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით და საკრებულო გახდეს ქმედითუნარიანი, ამისთვის კი აუცილებელია .შეიცვალოს საკრებულოს დაკომპლექტების წესი. იგი ხელისუფლებას სთავაზობს, საკრებულო დაკომპლექტდეს 10 მაჟორიტარისგან და 30 პროპორციული სიით გასული დეპუტატისგან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, საკრებულო კომპლექტდება 10 პროპორციული სიით გასული დეპუტატისგან და იმდენი მაჟორიტარისგან, რამდენი საარჩევნო ოლქიც შედის ამ საკრებულოში. ვეფხვაძის თქმით, ეს ქმნის უთანასწორობას. იგი მიიჩნევს, რომ ეს სისტემა აუცილებლად შესაცვლელია.
გარდა ამისა, ქრისტიან-დემოკრატები ითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ამავდროულად იყოს გამგებელი, ხოლო სოფლებში დაწესდეს ე. წ. კვაზი თვითმმართველობები, რაც იმას ნიშნავს, რომ რწმუნებულს კი არ დანიშნავენ, არამედ აირჩევს სოფლის მოსახლეობა. რაც შეეხება თბილისს, ვეფხვაძე აცხადებს, რომ ვიცე-მერს უნდა ნიშნავდეს არა მერი ერთპიროვნულად, არამედ საკრებულო მერის წარდგინებით.
პავლე კუბლაშვილის თქმით კი, ოპოზიციის არგუმენტები არის უსაფუძვლო და შესაბამისად ამ საკითხების გათვალისწინება არ მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები