ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლის მთავარი ნაწილი არაბეთ-ისრაელის კონფლიქტს შეეხო. ობამას თქმით, უკანასკნელ ხანს ახლო აღმოსავლეთში არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ჩრდილი დაეშვა. ებრაელ ბავშვებს ავტობუსებში აფეთქებების ან რაკეტების დაცემის ეშინიათ. თავის მხრივ, პალესტინელები ოკუპაციისა და საკუთარი უფლებების დარღვევის გამო იტანჯებიან.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ თვეები დახარჯა ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად.
"და აი შედეგები: დასახლებები შენდება, პალესტინელები კი თავდასხმებს განაგრძობენ. ბევრი საუბრობს, რომ მშვიდობიანი პროცესი ჩიხში შევიდა. თუმცა ამას არ ვეთანხმები",_აღნიშნა ობამამ.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან მეგობრობა უკვე ათეულობით წლებია, გადამოწმებულია და აშშ მას აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს, ობამას თქმით, "სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ".
"ამიერიდან ისრაელმა აღარ უნდა წარმართოს ისეთი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ასობით ათასი პალესტინელი თავს უუფლებოდ იგრძნობს და სიღარიბეში იცხოვრებს. ებრაელების დემოკრატიული სახელმწოფოს შექმნა ოკუპაციის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს",_აღნიშნა ობამამ.
ამასთან, ობამა მიიჩნევს, რომ ხანგრძლივვადიანმა სიმშვიდემ შეიძლება მხოლოდ ორი ხალხის მიერ ორი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ დაისადგუროს. "ისრაელი_ებრაელებისთვის და პალესტინა_ პალესტინელებისთვის". ასევე, ობამამ ისრაელს მოუწოდა 1967 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს, რითაც შესაძლო თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებს აიცილებს.
ობამა მიიჩნევს, რომ, თავის მხრივ, პალესტინელებმა საკუთარ საზღვრებში სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო უნდა შექმნან.
"სამომავლო გადაწყვეტილების მოლოდინში, ზოგიერთი საკითხი უნდა გადავდოთ. მაგალითად, პალესტინელი დევნილებისა და იერუსალიმის საკითხი. ისრაელმა უნდა გაიგოს, რომ მისი, როგორც ებრაელთა სახელმწოფოს აღიარება ტერიტორიებთან დაკავშირებით ლოიალური მიდგომით უნდა დაიწყოს",_აღნიშნა ობამამ.
შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ისრაელთან მიმართებით გადაჭარბებულად მკაცრი დამოკიდებულების გამო ობამას გარემოცვამ საჩივრები ჯერ კიდევ 2009 წლიდან მიიღო. გასულ წელს კი ისრაელთან მიმართებით თეთრი სახლის პოლიტიკის ლეიტმოტივი იყო, რომ ისრაელს მთლიანად შეეწყვიტა მშენებლობები იუდეის, სამარიასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში. გავლენიანი ებრაელების აზრით, ობამა ისრაელზე გაცილებით დიდ ზეწოლას ახდენს, ვიდრე_პალესტინაზე. მათი აზრით, ობამა "ძლიერ აკრიტიკებს ისრაელს", რაც მის წინასაარჩევნო კამპანიაზე ცუდად აისახება.