ისრაელის პარლამენტი ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარებას აპირებს. კერძოდ, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომისიას ამ პროექტის განხილვა და პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენა დაევალა. ამის შეახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.
პრობლემის განხილვა ამ დღეებში ქნესეთის პლენარულ სხდომაზე მოეწყო. გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებული პუნქტი დღის წესრიგში დეპუტატმა ზაავა გალიონმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ზაევ ელკინთან ერთად შეიტანა.
ქნესეთის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას ელკინმა აღნიშნა, რომ ისრაელს მორალური უფლება არ აქვს, ამ ტრაგედიას იგნორირებით უპასუხოს, რომელიც სომეხმა ერმა 1915 წელს განიცადა.
"ისრაელის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოსგან ისტორიული სამართლიანობის აღგენას მოითხოვს, ამ მოწოდების წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური შეხედულებით ვერ იხელმძღვანელებს",_აღნიშნა ელკინმა.
ამასთან, კოალიციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისრაელმა აღიარების შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს.
პარტია "ლიკუდი" ქნესეთის გადაწყვეტილებას ისტორიულად მიიჩნევს, ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ისრაელი მრავალი წლის მანძილზე ყოველგვარი ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებდა. ყოველწლიური განხილვა იმით მთავრდებოდა, რომ საკითხს განსახილველად გადასცემდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომისიას.
თავის მხრივ, სომხეთის გენოციდის აღიარების მოწინააღმდეგენი მთავარ არგუმენტად იშველიებენ, რომ პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ ოსმანთა იმპერიაში შედიოდა, თურქებს სომხები არ ამოუხოცავთ. ეს მაშინ, როცა ჰოლოკოსტის დროს ებრაელებსა და ბოშებს მასობრივად კლავდნენ. აქედან გამოდინარე, საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს არა სომხების გენოციდად, არამედ მათ დარბევად.
სომხების გენოციდი აღიარეს რუსეთმა, საფრანგეთმა, ლიტვამ, ურუგვაიმ, იტალიის ქვედა პალატამ, აშშ-ის ბევრმა შტატმა, საბერძნეთის პარლამენტმა, კვიპროსმა, არგენტინამ, ბელგიამ, უელსმა, შვეიცარიის ნაციონალურმა საბჭომ, კანადის პარლამენტის პალატის თემმა და პოლონეთის სეიმმა.
შეგახსენებთ, სომხების მონაცემებით, გასული საუკუნის დასაწყისში თურქეთის მხრიდან განხორციელებულ გენოციდს 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა.