აფხაზეთის სასულიერო პირთა შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა ბესარიონ აპლიამ და მისმა მომხრე სასულიერო პირებმა, აფხაზი სასულიერი პირების ახალგაზრდა ფრთა - ანდრეი ამპარი, დოროფეი დბარი და დავიდ სარსანია მწვალებლებად გამოაცხადეს, მათ მონანიებიკენ მოუწოდეს, მონანიებამდე მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს და მრევლს მათი ხელიდან ზიარების მიღებაზე კურთხევა არ მისცეს.
მეტიც, აპლიამ და მისმა მომხრეებმა, 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში გამართულ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილება "ანაკოფიის მიტროპოლიის" შექმნის შესახებ ანტიკანონიკურად და მწვალებლურად გამოაცხადა.
ბესარიონ აპლიამ და მისი მომხრე სასულიერო პირების განცხადებას აფხაზური მედია აქვეყნებს.
"აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის მრავალეროვანი მართლმადიდებლური ეკლესია და სამართალმემკვიდრე აფხაზური მართლმადიდებლური საკათალიკოსოსი, რომელმაც არსებობა 1795 წელს შეწყვიტა.
სახელმწიფომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესის ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქია აღიარა და მას აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი გადასცა, მათ შორის ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერი.
სამართლებრივი თვალსაზრისით, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკვე არსებობს და სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვანი სუბიექტია.
აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელახლა შექმნის ინიციატივა ბესარიონ აპლიას ეკუთვნოდა და ამ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმომწერთა შორის იეროდიაკონი ანდრეი ამპარიც იყო, რომელის ახლა იმ სამ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც გადაწყვიტეს უკვე აღდგენილი და არსებული აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ აღადგინონ იმისათვის რათა იქ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანდრეი ამპარის, დოროფეი დბარისა და დავიდ სარსანიას შესახებ ინფორმაციით გრძელდება.
"ვინ არიან ეს სამნი? - იეროდიაკვანი ანდრეი აპმარი - იგი ბერად მაიკოპის ეპისკოპოსის ტაძარში აკურთხეს. დღეს იგი ამბობს, რომ ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც იქ ეკურთა ბერად, რასაც პირადად მასზე ვერ ვიტყვით. როგორც ბერი და დიაკონი იგი ვალდებულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპ-ადიღეს ეპარქიას დაემორჩილოს და დღეისათვის ამ ეპარქიის უშტატო სასულიერო პირია.
ამავე დროს იგი თავს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირადაც მიიცნევდა და 2009 წლის 15 სექტემბერს ყველასთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაცია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის შესახებ. ამიტომაც იგი ვალდებულია ეპარქიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელსა და ეპარქიალურ საბჭოს დაემორჩილოს.
სწორედ აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დანიშნა იგი ახალი ათონის მონასტრის მნედ შემდეგ კი 2011 წლის 6 აპრილს ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის გამო 2011 წლის 15 მაისს მას არავითარი უფლება და არც კურთხევა ჰქონდა იმისათვის რათა ახალი ათონის მონასტერში შეკრება მოეწვია.
იეროდიაკვანი დოროფეი დბარი - ასევე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპ-ადიღეს ეპარქიის უშტატო მღვდელია. ამავე დროს იგი თავს ასევე მიიჩნევდა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად და მანამ იყო ასე ვიდრე მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის არქიეპისკოპოსმა პანტელეიმონმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II ნებით მას მსახურება არ აუკრძალა. ამის შემდეგ დოროფეი დბარი აფხაზეთის ეპარქიის თანხმობის გარეშე საბერძნეთში წავიდა სასწავლებლად და აფხაზეთის ეკლესიასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ამიტომაც არ არის მისი ხელმოწერა 2009 წლის 15 სექტემბრის დეკლარაციაზე. მისი მსახურებაში აღდგენის შესახებ დოკუმენტები ჩვენს ეპარქიაში არ მოსულა. ამიტომაც მას მსახურება ახლაც აკრძალული აქვს.
იეროდიაკვანი დავიდ სარსანია - დიაკვნის ხარისხში იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ აიყვანა 2000 წელს, ანუ აფხაზი ხალხის საქართველოსგან თავისუფლებისათვის ბრძოლის სამამულო ომის შემდეგ. იგი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახური არასოდეს ყოფილა", _ წერენ აპლია და მისი მომხრეები და იქვე აღნიშნავენ, რომ "ანუ - ორმა უშტატო მღვდელმა, რომელთაც მსახურება აქვს აკრძალული და საქართველოს ეკლესიის მღვდელმა ახალი ათონის მონასტერში შეკრება მოაწყვეს. იმის გამო, რომ ამ შეკრებისათვის არ არსებობდა არვითარი კურთხევა იგი თვინებურ შეკრებად ითვლება.
მათი საკუთარი გამოთვლებით 15 მაისს ახალ ათონში 2 000 მდე ადამიანი იყო შეკრებული, რომელთაგან მონათლული მხოლოდ 740 აღმოჩნდა, რომლებმაც მიიღეს კიდევ კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად "ანაკოფიის მიტროპოლიის" შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უმეტეს წილად არაქრისტიანებმა მიიღეს. ასე, რომ ამ არაკანონიკურმა შეკრებამ, რომელიც უმეტესწილად მართლმადიდებლობისათვის უცხო ადამიანთაგან შედგება ანტიკანონიკური, მწვალებლური გადაწყვეტილება მიიღო", _ ნათქვამია განცხადებაში.
სასულიერო პირები დოროფეი დბარს, ანდრეი ამპარს და დავიდ სარსანიას მონანიებისკენ მოუწოდებენ. ასევე აცხადებენ, რომ მონანიებამდე მათთან ყოველგვარ საღვთისმსახურო და ევქარისტიულ ურთიერთობას წყვეტენ. არ აძლევენ კურთხევას მორწმუნეებს მათ მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას დაესწონ და მათგან ზიარება მიიღონ. ადასტურებენ, რომ ახალი ათონის მონასტერი აფხაზეთის ეპარქიის მფლობელობაში რჩება. ასევე მოუწოდებენ აფხაზეთის მორწმუნეებს 22 და 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ახალ ათონში შეიკრიბონ.
განცხადებას ხელს აწერენ: ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია. ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის მდივანი სერგეი ჯოპუა და სასულიერი პირები: პეტრე სამსონოვი, ეგნატე კუიტი, აფანასი კოვალჩუკი, პაველ ხანჩენკო, ვასილისკ ლეიბა, იოანე სვინუხოვი, ნიკიტა ადლეიბა, დოლმატ გოპია, მარვეი ტუჟბა, ალექსანდრე სერგეევი, სერგეი ბასოვი, იგორ არტემიევი, დიონისე ბისტროვი, გრიგორი მიშენკო.