კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის აზრით, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში „სიმართლის მარცვალია".
"ოქრუაშვილის განცხადების მიზეზი, შესაძლოა, ის ყოფილიყო, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების ნაცვლად მხარი სააკაშვილის რეჟიმს დაუჭირა. შეიძლება ოქრუაშვილის გამონათქვამის ფორმულირებას მთლიანად ვერ დავეთანხმო, მაგრამ ნამდვილად არის მის მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია თავს იკავებდა სააკაშვილის რეჟიმის გაკრიტიკებისგან მაშინ, როცა მან დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეცვლილია, მაგრამ შეიძლება ეს ცვლილება საკმარისი არ იყოს", - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში.
მისივე განმარტებით, აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დაშვებული მთავარი შეცდომა ისაა, რომ დემოკრატიული პროცესის დაწყების მხარდაჭერის შემდეგ ქვეყანაში თავად დემოკრატიის შექმნას „არ მიჰყვა".
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მოუვიდა ასეთი რამ. მან საქართველოში დემოკრატიული პროცესის დაწყებას დაუჭირა მხარი, მაგრამ თავად დემოკრატიის შექმნას არ მიჰყვა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ნამდვილად გაჩნდა შანსი, რომ შინაარსიანი დემოკრატია ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შანსი სათანადოდ ყოფილიყო გამოყენებული, საჭირო იყო შეერთებულ შტატებს სათანადოდ ემოქმედა - მუდმივად უნდა მოეწოდებინა საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, რომ დემოკრატიული პროცესების გაძლიერება მოეხდინა, მთავრობა ამ კუთხით მის წინაშე ანგარიშვალდებული გაეხადა და დემოკრატიის განვითარებისთვის სათანადო რესურსები გამოეყო, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა დაუშვა დიდი შეცდომა. მან ჩათვალა, რომ 2004 წლის მოვლენები საკმარისი იყო ქვეყანაში დემოკრატიის გასამარჯვებლად და არ მოსთხოვა საქართველოს მთავრობას დემოკრატიის შემდგომი განვითარება, ყოველშემთხვევაში ის ანგარიშვალდებული არ გახადა ამ კუთხით შეერთებული შტატების წინაშე", - აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელიმ.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას ისიც აფერხებს, რომ სათანადო პოლიტიკის შემუშავება მხოლოდ მცირე ჯგუფია ჩართული, რაც ხშირად შეცდომების დაშვების მიზეზი ხდება.
„დემოკრატია ყველაზე კარგი სისტემაა, რადგან დემოკრატიული სისტემის არსებობის შემთხვევაში ბევრად უკეთესი პოლიტიკური შედეგები დგება ქვეყანაში. ეს არ მომხდარა საქართველოში და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობას არ იღებდა ადამიანთა ფართო ჯგუფები. პოლიტიკის შემუშავებას ახორციელებდა მცირე ჯგუფი, ასეთ შემთხვევაში კი შეცდომები ბევრია. სწორედ ასეთი შეცდომები იქნა დაშვებული საქართველოში", - დასძინა ამერიკელმა პროფესორმა.