"ქრისტიან-დემოკრატები" მოსამართლეებზე ზეწოლას კვლავ აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკარტების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, მისმა პოლიტიკურმა ძალამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ არ მოხდეს მოსამართლეებზე ზეწოლა. მათ მიერ მომზადებული ინიციატივით ცვლილება უნდა შევიდეს "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.
"ქრისტიან-დემოკრატების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" გამორიცხავს მოსამართლის საქმიანობაში ზემდგომი პირების ჩარევას და მოსამართლეზე ზეწოლას.
მოსამართლე განაჩენს გამოიტანს კანონისა და საკუთარი რწმენის საფუძველზე და "არა მობილურ ტელეფონზე მიღებული დირექტიივებით".
"ეს კი ერთხელ და სამუდამოდ დაუსვავს წერტილს შეკვეთილ სასამართლო პროცესებს და უზრუნველყოფს სიმართლისა და სამართლიანობის გამარჯვებას ამ ქვეყანაში", - აცხადბს ლალიაშვილი.
მისი განმარტებით, სასამართლო სისტემაში დღემდე დამკვიდრებულია მანკიერი პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იმავე სასამართლოს მოსამართლეთა წარმოებაში არსებული საქმეების შესაძლო გადაწყვეტის შედეგების გახილვას. რაც, მისი თქმით, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც "არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე".
"ზემდგომი სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმის დეტალებით დაინტერესება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებამაც კი, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს საქმის განხილვის შედეგებზე, რაც მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში", - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.