გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მე-6 საუკუნის სამკარიანი ეკლესია ინგრევა. ეკლესია მდინარე „მღვრიე ხევიდან" რამდენიმე მეტრით არის დაშორებული. კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებული ხევი ეკლესიისკენ მიიწევს. წყალმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე წაიღო რამდენიმე სამარხი და სხვადასხვა ნივთები.
„სამკარიანი" სამეკლესიანი ბაზილიკაა. სახურავის ნახევარზე მეტი ჩამოქცეულია, კედლები მცენარეებით არის დაფარული. ტაძარს გვერდზე მიშენებული აქვს დიდმოწამე ბარბარეს სახელობის მცირე ზომის ეკლესია.
წყლის დონის დაწევის შემდეგ, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქვა - ყუთის ტიპის სამარხი გამოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, ქრისტიანულ ხანას განეკუთვნება. სამარხის „თავ-ქვა" სამარხთან აღარ დევს. ვაზისუბნის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ „თავ - ქვა" ქვიშით დაფარა ან ვინმემ წაიღო. თავ-ქვაზე „სიცოცხლის ხე" იყო ამოტვიფრული. ეს გამოსახულება ადრეფეოდალური ხანის ნივთებზეა გამოსახული.
სამარხიდან სამიოდე მეტრში, ცოტა ხნით ადრე, ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა ერთი ტონა ტევადობის ქვევრი და ორი დიდი ზომის დოქიც აღმოაჩინეს. ადგილობრივებმა დოქები ეკლესიაში დაალაგეს, ქვევრი კი ეზოში დადეს.
„დოქები ტაძარში შევიტანეთ, ქვევრს კი, რომ არ გატეხილიყო მავთულები შემოვუჭირეთ და ეზოში დავდეთ. ასეთი ნივთები სხვა დროსაც აღმოჩენილა, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. ეს ადგილი შესასწავლია", - აღნიშნა ვაზისუბნის მკვიდრმა გოდერძი მოსიაშვილმა.
ვაზისუბნის მაცხოვრებლების ფირუზ ტერსიმონოვის და ვალოდია ჯავახიშვილის თქმით, სამკარიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვნის დროს, სამეურნეო დანიშნულების ნივთებსა და სამარხებს ხშირად პოულობენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, „სამკარიანში" ნაპოვნ ჭურჭელს მუზეუმში გადაიტანენ, სადაც ნივთების შესწავლა მოხდება.
„ეს ტერიტორია აღიცხვაზე არ გვაქვს, მაგრამ დავათვალიერებთ და დავაყენებთ", - განაცხადა მარკოზაშვილმა.