დღეს, 14 მაისს, ბრიტანეთის საბჭო სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, აწყობს კონფერენციას "ინგლისური ენა და საერთაშორისო კვალიფიკაცია - გზა პერსპექტიული მომავლისკენ".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო დარგში მოღვაწე პოლიტიკის გამტარებლების, ინგლისური ენის სპეციალისტების და სერვის პროვაიდერებისთვის ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენისა და საერთაშორისო გამოცდების პროგრამების გაცნობა.
"თავის ოფიციალურ გამოსვლაში 2010 წლის გაეროს ასამბლეაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ინგლისური ენის სწავლების ნოვატორული პროგრამა, რომლის მიზანია, ახალგაზრდა თაობას ფართოდ გაუხსნას გზა პერსპექტიული მომავლისკენ. 2011 წლის სექტემბრისათვის ოფიციალური სამთავრობო დადგენილების ფარგლებში ყველა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება", - აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.
ბრიტანეთის საბჭოს გააჩნია მდიდარი გამოცდილება ინგლისური ენის სწავლების და საერთაშორისო გამოცდების სფეროში. ამჟამად, ბრიტანეთის საბჭო წელიწადში დაახლოებით 350-ზე მეტ ინგლისური ენის მასწავლებელსა და 10,000-მდე შემსწავლელს უტარებს როგორც ონლაინ-, ასევე ინტერაქტიულ ტრეინინგს.
"ჩვენ ასევე ვატარებთ წელიწადში 3000-მდე საერთაშორისო გამოცდას ინგლისურ ენაში", - აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.
კონფერენციას წარუძღვება ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ანდერსონი.
პრეზენტაციების გარდა პარალელურ რეჟიმში ჩატარდება ორი უორქშოფი პედაგოგებისა და ტრენერებისთვის.