ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს დიმიტრი მედვედევის დღევანდელი გამოსვლიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხის ერთ პაკეტში განხილვა შესთავაზა.
"მედვედევს შეკითხვა საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით დაუსვეს, თუმცა მან პასუხში არცთუ უნებლიეთ ეს თემა ლარსის საკონტოლო პუნქტის ამუშავებას დაუკავშირა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ორი საკითხის ერთ პაკეტში განხილვის წინადადება იყო შემოთავაზებული", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" მედვედევის დღევანდელ განცხადებებზე კომენტირებისას და განმარტა, რომ საქართველოსთვის ეს ორი საკითხი სხვადასხვა დატვირთვის მქონეა და მათ ერთ პაკეტში განხილვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში ამ ეტაპზე არ შედის.
რაც შეეხება სამომავლოდ ქვეყნებს შორის სავიზო საკითხების გაუქმებისა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების პერსპექტივას, პოლიტოლოგს ამ კუთხით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები "საკმაოდ ბუნდოვნად" ეჩვენა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხებში დაბრკოლებებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან "რია ნოვოსტის" მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმდების საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ "ამის დრო დადგება".