12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, "რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა" საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, "დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების".
ანდრია მოციქული სრულიად უცხო მხარეში დედაღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილას აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. გადმოცემის თანახმად, სწორედ წმინდა ანდრია პირველმოციქულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივად გადასული ასლი დააბრძანა. დაადგინა პირველი სასულიერო პირები - მღვდლები და დიაკვნები. სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი ამ ტაძრის ნანგრევები.
ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და იესო ქრისტეს შემწეობით ბევრი მათგანი მოაქცია. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და იქ ჯვარი აღმართა. მოციქული ფერსათის შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, სადაც უამრავი სასწაული აღავლინა. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა.
იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ წმინდა ანდრია მოქციულ სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა ქართლსა და აფხაზეთში იქადაგა.
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, საბერძნეთის ქალაქი პატრა იყო, სადაც წმიდანის ლოცვით უამრავი ადამიანი მოექცა. თუმცა ქალაქის თავის, ეგაეტის ბრძანებით, წმინდა მოციქული ჯვარს აცვეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.
ქართველთა პირველი განმანათლებელი წმინდანის ხსენების დღე 12 დეკემბერესაც აღინიშნება.
2002 წლის 15 აგვისტოს ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა.