საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევაზე შეზღუდვები გაუქმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ადრე ეკავა. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით კი ეს შეზღუდვა უქმდება.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე.
აღნიშნულ წესს ახალი რეგულაციაც ემატება, რომლის თანახმად, თუ არჩევის მომენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მოადგილის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 5 წელზე ნაკლები, ისინი თანამდებობაზე აირჩევიან სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
გარდა ამისა, იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მიერ დამტკიცების წესი, კერძოდ, მიღებული ცვლილებების თანახმად კენჭისყრის შედეგად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ ნახევრისა.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით კი კენჭისყრის შედეგად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ სამი მეხუთედისა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესის შეცვლას ასპროტესტებდა და მიაჩნდა, რომ კანონში ჩაწერილი ახალი ნორმა ოპოზიციას მოსამართლეების კონსესუსის გზით დანიშვნის შესაძლებლობას ართმევს.