ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ, სახალხო დამცველის ანგარიშის "გადამოწმებასთან" დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
"როდესაც ვსაუბრობდით სახალხო დამცველის ანგარიშის გადამოწმებაზე, არ გვიგულისხმია, რომ მასში მოყვანილ ფაქტების გადამოწმებას ვაპირებთ", - დასძინა თორდიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, "გადამოწმებაში" მან იგულისხმა, რამდენად იყო რეაგირება მომხდარი ანგარიშში მოყვანილი ფაქტებზე და თუ არსებობს ამ კუთხით კიდევ პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" ანგარიშის განხილვისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების "გადამოწმება" კი არ უნდა დაიწყოს, არამედ ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს.
მისი თქმით, პარლამენტმა სახალხო დამცველი პარტნიორად უნდა აღიქვას და არ არის საჭირო მის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების "გადამოწმება", არამედ საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება.