"ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების არჩევის წესის შეცვლას აპროტესტებენ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ორგანული კანონის მიღება უნდა ხდებოდეს მაღალი კვორუმით, რომ იყოს პოლიტიკური კონსენსუსი და უმცირესობის წარმომადგენლების მონაწილეობდნენ საკითხის მიღებაში.
"ანალოგიურად, საკონსტიტუციო სასამართლო - ეს არის ორგანო, რომელიც განიხილავს პოლიტიკურ ინსტიტუციებს შორის დავას, ასევე მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შორის არსებულ დავებს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ანალოგიურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას, მის კვალიფიკაციის დონეს უნდა წყვეტდეს არა ერთი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი პარლამენტი.
"მიგვაჩნია, რომ ამ ფორმის შეცვალ არასწორია. მომავალ პარლამენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა პოლიტიკური უმცირესობის აზრის გათვალისწინებით იყოს დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით კენჭისყრის შედეგად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ სამი მეხუთედისა.
კანონში ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შედეგად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ ნახევარს.