ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ნესტან კირთაძე დიმიტრი შაშკინის შემცველად გია თორთლაძის შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "თორთლაძე კოალიციური მთავრობის ნიშნის გამჩენი ვერ იქნება".
"გია თორთლაძე, რომელიც ჩემი მეზობელი და კოლეგაა, ვერ იქნება კოალიციური მთავრობის ნიშნის გამჩენი. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რომელიც მეც ვიცი, თქვენც იცით და ყველამ იცის. წავიდეს გია თორთლაძე მთავრობაში, მაგრამ ხელისუფლება მას კოალოციურ მთავრობას ნუ დაარქმევს", - განუცხადა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მისივე განმარტებით, კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა პირადად მას ეკუთვნის და როგორც ჩანს, "ხელისუფლებას ის მოეწონა".
"კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა მე მეკუთვნის. იმ ტიპის ქვეყნისთვის, სადაც არსებობს მეტ-ნაკლები გავლენის მქონე ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ არც ერთ პოლიტკური პარტიას არ აქვს საკადრო რესურსი, რომ იქცეს მმართველ ძალად, ასეთი მთავრობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს იდეა მოსწონს, აპირებს მის გამოყენებას, მაგრამ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის არჩევანის გია თორთლაძეზე გაკეთება არასწორი იქნება", - განმარტავს კირთაძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტი, რომელიც მხოლოდ ერთი დღეა, რაც ვაკანტური გახდა, შესაძლოა ოპოზიციიის წარმომადგენელმა და კონკრეტულად, გია თორთლაძემ დაიკაოს.